Pages

Sunday, December 23, 2012

თეთრი სითბო!...


ეძღვნება, ჩემს თეთრ მოგონებებს...

2 დღის წინ, ჩემს მეგობართან ეზოში მისული, მაგიური ჩაის დასალევად ატყუებული აღმოვჩნდი. ჩაი, მართლაც ჯადოსნური არომატით იყო გაჟღენთილი. 
მას, ღრმა ბავშვობის არომატი ასდიოდა. ფინჯანში ჩაყრილ, სხვადასხვა მცენარის ნაწილებს მდუღარე წყალი დაასხა და თავი დაახურა. ჭორაობას შევყევით და აზრზე მოსულმა ფინჯანს თავი მოვხადე, რომ ჩაი დამეგემოვნებინა.

ფინჯანიდან ისეთი წარსულის არომატი ამოვარდა, თავბრუ დამეხვა. 
თვალები დავხუჭე და დიდი ხნის წინ წარსულში აღმოვჩნდი. 
სახლში, ბებიასთან რომელსაც უამრავი მცენარის ფესვი თუ ფოთოლი ქონდა. თვითონ, ფარმაცევტს ალკოჰოლური სასმელებიც კი რაღაც ბალახების ფოთლებით ქონდა დაფერილი და არომატებით გამდიდრებული. ჩაიც, ხშირად ასკილით ან მიხაკით. კაკლის ან საზამთროს მურაბასთან ერთად. 
ამ არომატზე თითქოს იმ დროინდელი სითბო დამემართა და იქაური მყუდროება ვიგრძენი.
ჩემი ბგერებით ახმაურებული კედლები. ბებია, რომელსაც ჩემი ყურება სიცოცხლეს უასკეცებს. 
ნებისმიერი სურვილი ასრულებადია საკმარისია წამოგცდეს...
_”აუ, ბეე...”
_ ”კი ბებიკო აბა რას ვიზამ?!”  
და, უკვე მზად არის ის ნანატრი ნამცხვარი რომელიც გინდოდა. 
მისი მოქსოვილი წითელი ბერეტი.
კეჩხობში ვისვენებდით, ჩემი წითელი ბერეტის წყალობით მთელი სანატორიუმი წითელქუდას მეძახდა... მეც, თავი ნამდვილი წითელქუდა მეგონა.
ყოველ წელს 1 იანვარს მამას აუცილებლად პირველად მასთან მივყავდი მეკვლედ.
ასე გრძელდებოდა ძალიან, ძალიან დიდხანს.
ბოლო პერიოდში, საკმაოდ ხშირად ვცდილობდი მასთან ახლოს ყოფნას.
ბევრჯერ, ლექციების მერე გვიან მივსულვარ მოსაფერებლად და მწუხარებაში გასამხნევებლად, მერე წავსულვარ სახლში. 
მასთან დარჩენილს ღამე იმით გამღვიძებია, რომ საბანს მისწორებდა. 
მაშინაც კი როცა ძალიან უჭირდა სიარული მზად იყო ნებისმიერი ჩემი სურვილი შეესრულებინა. მაგიდასთან სადილის დროს, ხურობით მითქვამს, ”აუ ბე გეხვეწები წყალი  მომირბენინე რა... ” და მისი მყისიერი რექცია! ცდილობდა ზუსტად ამ სიჩქარით წამომდგარიყო, მაგრამ... მერე ყველა ერთად ვიცინოდით, ვერ შეეჩვია იმას რომ არ შეეძლო ისევ პატარა გოგოსავით ცუნცული. :)))
მენატრება, ჩემი თეთრი, სრულიად თეთრი, დედას არომატიანი ბებია!!!

No comments:

Post a Comment