ზუსტად ამ დღეს 11 წლის წინ ღრმა წყვდიადში და თვალუწვდენელ სიბნელეში გავაცილე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ადამიანი რომელიც სამაგალითოა და დღემდე იგივე ემოციას აღვიძებს ჩემში, რაც ამ თერთმეტი წლის წინ ერთ ორშაბათს მეწვია. 16 წლის ასაკში საკუთარი ხელებით ვცდილობდი სიკვდილს მოვრეოდი და ჩემთან დამეტოვებინა დედა. არ გამომივიდა... ამის მერე ქაოსმა დაისადგურა. უამრავი წაშლილი სახე. მამის გაშეშებული მზერა, ჩემი ძმის სევდიანი თვალები, ჩემზე მეტად რომ ხვდებოდა ყველაფერს. და და, რომელიც თითქოს თავისი სიძლიერით ცდილობდა მაგალითი მოეცა, ეჩვენებინა რომ ძლიერები უნდა ვიყოთ და ყველა ერთად ამ ყველაფერს გავუძლებთ.
ამ უბედურებაში უამრავი ადამიანი გიდგას გვერდით.
საოცარი უნარი გვაქვს ადამიენებს, უბედურებაში თანაგრძნობის და გვერდით დგომის. ყველაზე მეტად სიხარული გაზიარება გვიჭირს გულწრფელად, თორემ სინანულით გულწრფელად გვენანება გაჭირვებულები.
უცებ აღმოვაჩინე რომ სრულიად მარტო დავრჩი ამ არეულ სამყაროში. ფიზიკურად უამრავი ადამიანი იყო ჩემს გვერდით, მაგრამ მე ჩავიკეტე. ჩავიკეტე ჩემს უბედურებაში და ამით ვცდილობდი არავისთვის მეჩვენებინა ის უსუსური შიში, რომელიც ეხლაც თან მაქვს. მარტოობის შიში, იმის რომ როცა ყველაზე მეტად გინდა დედის რჩევა, ვერ მიიღებ და მხოლოდ ვარაუდით შეგიძლია მიხვდე რომ ალბათ მას ასე მოეწონებოდა... მე გავიზარდე, ერთ დღეში ალბათ ათი წლით გავიზარდე და დავკარგე პირველად შეცნობის სიამოვნება. ვარდისფერი სათვალის მორგებაც კი ვერ მოვასწარი ისე შევეჩეხე სამყაროს შავ ფერში.
არ მიყვარს 29 იანვარი არ მიყვარს და მინდა რომ არასდროს მიყვარდეს! არ მინდა ამ დღეს დაბადებული ადამიანები გაჩდნენ ჩემს ცხოვრებაში! არ მინდა! მინდა რომ მთელი სიძულვილით მხოლოდ ეს დღე მძულდეს! მაშინ ვიფიქრებ რომ ეს ერთადერთია რაც მძულს.
მთელს სიძულვილს ერთ დღეში მოვაქცევდი და მხოლოდ ამ დღეს ვიქნებოდი ცუდად.
მთელს სიძულვილს ერთ დღეში მოვაქცევდი და მხოლოდ ამ დღეს ვიქნებოდი ცუდად.