არ ვიცი ამ შუაღამისას რამ გამახსენა ეს ტრაგიკული დღე. პატრიოტი ალბათ ვარ. ვერ ვიტყვი რომ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი მაქვს სამშობლოსთვის გაკეთებული, მაგრამ სიხარული და ტკივილი ისეთივე, ან იმაზე მეტიც მაქვს, როგორც სამშობლოზე შეყვარებული გულში მჯიღის ცემით მკერდის ძვალ დაზიანებულ ვითომ პატრიოტებს.
მე არავის არ ვაკნინებ უბრალოდ ამ ყველაფერს ისტორია და დრო აფასებს. ვინ რას აკეთებს კონკრეტულ სიტუაციაში.
დაძინებას ვაპირებდი უკივე და რატომღაც კალენდარისკენ გამექცა თვალი, მარტი იწურება... ღრმა ბავშვობაში, ბაღში ნასწავლი ლექსის 1 სტრიქონი გამახსენდა ”*** აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთა”. მაშინ 5 წლისაც არ ვიყავი და ყვეაფერი ალბათ ბევრ ჩემს თანატოლზე უკედ მახსოვს. მე უფროსი და-ძმა მყავს, მაშინ 15-17 წლის იყვნენ მახსოვს 9 აპრილის ღამეს რამხელა სკანდალი იყო ჩემს სახლში. ჩემი და და ძმაც გაპარვას აპირებდნენ და მამამ ეზოდან მოაბრუნა. მერე მთელი ღამე გაუთავებელი ჩხუბი გადიოდა ჩვენი სახლიდან. არა მთელი ღამე არა, მანამ სანამ საშინელება დაიწყო. მახსოვს ტელევიზორიდან პატრიარქის ხმა. ეს ალბათ პირველად იყო როცა მისი ხმა გავიგე და დღემდე ყურში მაქვს, როგორ ცდილობდა უბედურების თავიდან აცილებას. ეს კადრები რაც ყველას გვახსოვს, არეულობა, ხალხის ქაოტური გაქცევა, კივილი, ტირილი ... და მერე დიდი დუმილი.
სახე წაშილილი უფროსები. მე ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა მაგ დღეს.
ეკა ბეჟანიშვილის გამოსვენება. ეხლაც ნათლად მახსოვს ჩემი საძინებლის ფანჯრიდან დანახული უამრავი ადამიანი, სასახლე რომელშიც ესვენა 17 წლის ეკა. მახსოვს დედაჩემის ჩუმი ტირილი. მერე თბილისი მახსოვს, რუსთაველი უამრავი წითელი მიხაკით და ბევრი სანთლის ნამწვით. ბებიამ წამიყვანა და ჩემი თვალით მანახა, რა ხდებოდა გარეთ. ეს ალბათ იმისთვის რომ თუნდაც დღეს გამოვეფხიზლებინე არსაიდან მოსულ ამ ემოციებს...
No comments:
Post a Comment