გითამაშიათ ადამიანებთან ურთიერთობისას?
ნურავინ მეტყვის რომ თუნდაც პირველ პაემანზე ზედმიწევნით არ აკონტროლებთ ხმის ტემბრს, ჩანგლის და დანის ხმარებას ან წვენის მოსმას. ფინჯანის აღება და თუნდაც მზერა.
ყავის ჭიქაზე მიდებული ტუჩებით ქვემოდან, უმწეო ამოხედვა. არ მითხრათ რომ არცერთი ეს არ გაგიკეთებიათ.
კაი თუ ეს არა მაშინ, ჩვეულებრივზე მეტი სუნამო.
სახლიდან გასვლის წინ აბაზანაში უკვე მეასედ შესვლა და კიდევ ერთხელ კბილების გახეხვა. რომ არ ჩავთვალოთ მთელი დღე კარადასთან და სარკესთან დაუსრულებელი ტანსაცმლის ცვლა. ასე ხომ არ იქცევი მაშინ როცა, უბრალოდ მეგობრებს ხვდები?
თავს ვიწონებთ და ვაწონებთ დადებითი თვისებებით, არადა რეალურად ყველას გვინდა რომ ჩვენი უარყოფითი თვისებებით ვუყვარდეთ. აღიაზიანებდეთ ადამიანები რომლებიც იგვიანებენ და შენს მოლოდინში ყველა წუთი უფრო და უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდეს, იმის ფიქრით რომ მიხვალ და გნახავს, ჩაგეხუტება და დიდად მონატრებული სუნით აივსება, დანაყრდება შენი სისულელეების სმენით. სცილით და მოთმინებით აიტანს შენს კევის ღრაჭუნს და ბუშტების ბერვას. მზესუმზირის წკაპუნს და წვენის ხვრეპას.
არ ვიცი სხვებთან გამიკეთებია თუ არა რამე ასეთი მაგრამ კარგად მახსოვს, ერთ ბიჭს ვხვდებოდი. ჩემზე საგრძნობლად უფროსს, უკვე შემდგარ ადვოკატს. სერიოზულ და გაწონასწორებულს. დამჯდარი ტემბრით და გაწერილი დღის განრიგით. მე კიდე, ფიქრზეც კი მქონდა უარი ნათქვამი, პატარა მიზეზის გამო. ”ფიქრი ხელს მიშლის თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში!” მაშინ პირველად გავაკეთე და გავხდი ქარაფშუტა. ჭიქაში დარჩენილი წვენი ყინულებიდან ისე ამოვწრუპე, უხერხულად შემომხედა და გამეორება შემომთავაზა, მე კიდე ძალიან ჩვეულებრივად _ არა მე უბრალოდ მომწონს ასე დალევა...
ეს მორგებული როლი იყო ალბათ, თორემ ეგეთი ქარაფშუტა არ მგონია რომ ოდესმე ვყოფილიყავი.
შეიძლება ეს კომპლექსია, კომპლექსი არასრულფასოვნების. საბოლოო ჯამში წარუმატებლობას იმ შექმნილ ”მეს” გაცილებით ადვილად დააბრალებ, ვიდრე აღიარებ რომ ბევრი ცდის მუხედავად ვერ გახდი მისთვის მოსაწონი. ზოგჯერ მინდა რომ გამოუცდელი იდიოტი ვიყო, მგონია რომ ბევრად მარტივია იდიოტებისთვის ცხოვრება. ვერ ხვდებიან და არ იღლიან თავს ზედმეტი ფიქრით. ხშირად მძულს საკუთარი გამოცდილება, ის რომ შემიძლია შედარება. ადამიენების განსხვავება და კარგის და ცუდის გარჩევა. მინდა რომ მჯეროდეს, რომ ის ვინც ახლა ჩემს გვერდით არის ყველას ყველაფრით ჯობია.
არადა ხშირად ვხდები რომ არც ისე მაგარია, როგორც გარეგნულად ჩანს.