Pages

Thursday, December 27, 2012

ახალი წელი მოდის და რატომღაც სულ არ მიხარია!

ნაძვის ხე 15 დეკემბერს დავდგი. დიდი ზარ-ზეიმით, ბავშვებთან ერთად ავაწყვე და გავაჭახჭახე ვერცხლისფერი გრილიანდები. 
სანტას ქუდით დავდივარ სამსახურში, მანქანაშიც კი დავკიდე საახალწლო სათამაშოები. 
ვინც მხედავს, თვით პოზიტივს მეძახის და ამბობენ რომ ახალ წელს ყველაზე მეტად ვეგებები.
არადა, არ მინდა რომ მოვიდეს.
ერთი საჩუქარი და ალბათ ერთადერთიც, უკვე მივიღე და მეტს არ ველოდები. მე უკვე გავაჩუქე და კიდევ მაქვს რამოდენიმე საჩუქარი გასაკეთებელი, სულ ეს არის. 
მეშინია! 
მგონია რომ რაღაც უნდა მოხდეს და ბევრი რამ დამრჩა გაუკეთებელი.
გული მწყდება რომ მთავრდება ეს წელი. 2012 ნორმალური წელი იყო, მარა არც ისეთი, რომ სამუდამოდ მინდოდეს ჩარჩენა. 
არ ვიცი რატომ მაქვს ასეთი მოლოდინი მაგრამ ფაქტია, რომ 31-ში ისეთ ადგილას მინდა ვიყო, სადაც ამ თბილისურ და ზოგადად ახალწლურ ორომტრიალს ვერ ვიგრძნობ.  
არ ვგეგმავ, არ ვემზადები, მაგრამ მაინც მოდის და ამიტომ სიჩუმეში მინდა გავექცე. 2013-ო მოდი, ოღონდ უჩემოდ აზეიმდი! მეზარება შენი ბზინვარება და რახა-რუხი! 

Sunday, December 23, 2012

თეთრი სითბო!...


ეძღვნება, ჩემს თეთრ მოგონებებს...

2 დღის წინ, ჩემს მეგობართან ეზოში მისული, მაგიური ჩაის დასალევად ატყუებული აღმოვჩნდი. ჩაი, მართლაც ჯადოსნური არომატით იყო გაჟღენთილი. 
მას, ღრმა ბავშვობის არომატი ასდიოდა. ფინჯანში ჩაყრილ, სხვადასხვა მცენარის ნაწილებს მდუღარე წყალი დაასხა და თავი დაახურა. ჭორაობას შევყევით და აზრზე მოსულმა ფინჯანს თავი მოვხადე, რომ ჩაი დამეგემოვნებინა.

ფინჯანიდან ისეთი წარსულის არომატი ამოვარდა, თავბრუ დამეხვა. 
თვალები დავხუჭე და დიდი ხნის წინ წარსულში აღმოვჩნდი. 
სახლში, ბებიასთან რომელსაც უამრავი მცენარის ფესვი თუ ფოთოლი ქონდა. თვითონ, ფარმაცევტს ალკოჰოლური სასმელებიც კი რაღაც ბალახების ფოთლებით ქონდა დაფერილი და არომატებით გამდიდრებული. ჩაიც, ხშირად ასკილით ან მიხაკით. კაკლის ან საზამთროს მურაბასთან ერთად. 
ამ არომატზე თითქოს იმ დროინდელი სითბო დამემართა და იქაური მყუდროება ვიგრძენი.
ჩემი ბგერებით ახმაურებული კედლები. ბებია, რომელსაც ჩემი ყურება სიცოცხლეს უასკეცებს. 
ნებისმიერი სურვილი ასრულებადია საკმარისია წამოგცდეს...
_”აუ, ბეე...”
_ ”კი ბებიკო აბა რას ვიზამ?!”  
და, უკვე მზად არის ის ნანატრი ნამცხვარი რომელიც გინდოდა. 
მისი მოქსოვილი წითელი ბერეტი.
კეჩხობში ვისვენებდით, ჩემი წითელი ბერეტის წყალობით მთელი სანატორიუმი წითელქუდას მეძახდა... მეც, თავი ნამდვილი წითელქუდა მეგონა.
ყოველ წელს 1 იანვარს მამას აუცილებლად პირველად მასთან მივყავდი მეკვლედ.
ასე გრძელდებოდა ძალიან, ძალიან დიდხანს.
ბოლო პერიოდში, საკმაოდ ხშირად ვცდილობდი მასთან ახლოს ყოფნას.
ბევრჯერ, ლექციების მერე გვიან მივსულვარ მოსაფერებლად და მწუხარებაში გასამხნევებლად, მერე წავსულვარ სახლში. 
მასთან დარჩენილს ღამე იმით გამღვიძებია, რომ საბანს მისწორებდა. 
მაშინაც კი როცა ძალიან უჭირდა სიარული მზად იყო ნებისმიერი ჩემი სურვილი შეესრულებინა. მაგიდასთან სადილის დროს, ხურობით მითქვამს, ”აუ ბე გეხვეწები წყალი  მომირბენინე რა... ” და მისი მყისიერი რექცია! ცდილობდა ზუსტად ამ სიჩქარით წამომდგარიყო, მაგრამ... მერე ყველა ერთად ვიცინოდით, ვერ შეეჩვია იმას რომ არ შეეძლო ისევ პატარა გოგოსავით ცუნცული. :)))
მენატრება, ჩემი თეთრი, სრულიად თეთრი, დედას არომატიანი ბებია!!!

Saturday, December 1, 2012

მიტოვებული თუ მიმტოვებელი?!..


        მიტოვებულის და მიმტოვებლის თემა მინდოდა განმევრცო...
        არ შემრცხვება და ვიტყვი, რომ რეზის პოსტი ჩემი იყო. მან ყველაზე ”რთულ” განწყობაში მისმინა და პოსტით დამაიმედა... 
მას მიაჩნია, რომ მე და მთელი ჩვენი უბედური მეგობრები, ყველა მიტოვებულები, უარყოფილები და ბედნიერებისგან ზურგშექცეულები ვართ.
        მე სასტიკად არ მინდა დავეთანხმო ამ მოსაზრებას. სხვები იტყვიან _ ვინ ვინ მიატოვა საკითხავიაო, მაგრამ ყოველთვის 2 ადამიანის პირდაპირი თუ ირიბი შეთანხმების შედეგად ინგრევა ურთიერთობები.
      რაოდენ რთული სათქმელიც არ უნდა იყოს, სამწუხაროდ, საკუთარი ხელით მაქვს ყველა ურთიერთობა დასრულებული. გაცილებით უარესია რომ ზუსტად იცი, იმდენად აუტანელი ადამიანი ხარ ვერ ერევი საკუთარ ეგოიზმს და თვითონ არ გინდა დახუჭო მის სისუსტეზე თუ შეცდომაზე თვალი. 
        სამაგიეროდ, ადვილად ვაღიარებთ, რომ მან ჩვენი ფასი არ იცის. ვერ დააფასა, ის ძვირფასი წუთები რაც მას ვაჩუქეთ. 
არადა, ყველა წუთი რაც კი დადებითი იყო, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დადგმული ზეიმი იყო. საკუთარ კმაყოფილებაში ვიძირებოდით, ვტკბებოდით და დანაყრებულები ვინაბებოდით ბედნიერების მკლავებში.
         დამთავრდა! 
         მორიგი  love story მორჩა!
         შენ ისევ ფიქრებში იძირები და ცდილობ მოერიო უკმარისობის შეგრძნებას.
ეს გზა უკვე გატკეპნილი გაქვს და თვალდახუჭულს შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით დაინახო შენი შემდგომი მდგომარეობა. 
       დაშორებიდან I დღე,  II დღე,  III  და ასე შემდეგ... ამ თვლასთან ერთდათ, ჩუმად მიყურადებული მიყვები საკუთარ თავს ცნობისმოყვარე მეზობელივით და ცდილობ საკუთარი თავი რაღაც განსხვავებულ ემოციაში გამოიჭირო.
         ადამიანები განსხვავებულად ცდილობენ ებრძოლონ ამ განშორებას. 
წინა შემთხვევებში ერთნაირად მკურნალობდი _ სასწრაფო დიეტა, განახლებული გარდერობი, გახალისებული თმის ფერი, ახალი სამკაულები და მაკიაჟი!!! 
         შველის, აუცილებლად შველის!!!
     შეიძება მართლა გიშველოს თან ფიქრების გადატანაში გეხმარება, მაგრამ ზოგჯერ ხვდები რომ საკმარისი არ არის და როგორც კი თავთან მარტო რჩები, თუნდაც ლიფტში, მაშინვე გეხვევა უამრავი საშინელი ფიქრი და ცდილობ დავიწყებას.
     სასმელი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ერთჯერადი სექსუალური პარტნიორები!!!
        გინდა რომ ის ადამიანი დათრგუნო შენში, ვინც ამ დრომდე იდეალურს ცდილობდა მიმსგავსებოდა. ადამიანი ვინც დადებითი ემოციებით, მხოლოდ იმიტომ ივსებოდა რომ იმ ერთადერთისთვის წვეთ-წვეთ გადაენაწილებინა.
      ფიქრობ, რომ თუ სიყვარულში ფულს გადაიხდი და ფულის სანაცვლოდ მიიღებ სითბოს, სხეული გაჯანსაღდება და გული გაქვავდება. მართლაც შესაძლებელია გააქრო ემოციები, დააშრო ცრემლი და იმდენად გადაღალო სხეული რომ ემოციები ვეღარ შესძლო! შეიძება პარტნიორების და გასართობის (არაჯანსაღი გასართობების)  ძებნამ ყველაფერი დაგაკარგინოს. შენგან მხოლოდ გარეგნული იერი დატოვოს, ან ეგეც გააქროს...
    ერთი რჩევა მინდა მოგცეთ თქვენ და პირველ რიგში ჩემს თავს! მიიღეთ ეს ცვლილებები მარტივად. ნუ მიანიჭებ ყურადღებას და ნუ იფიქრებ რომ სამყაროს დასასრული დადგა! დილას გაღვიძებულმა შთააგონე შენს თავს, რომ ყველაფერი სრულდება და ამით ცხოვრებას ვერ აიძულებ რომ დასრულდეს.
       აბაზანაში შესულს კბილის პასტის ცარიელი ტუბი რომ დაგხვდეს, ან შხაპის მიღების დროს რომ აღმოაჩინო შამპუნის დაცლილი კოლოფი, თუნდაც მოულოდნელად დაწყვეტილი წყალი, ერთი ზომის უბედურებებია ეს ყველაფერი და გირჩევ არც კბილის ხეხვაზე თქვა ამის გამო უარი. ან წყლის მოსვლის მერე ნუ აიძულებ შენს თავს სამუდამოდ აბაზანაში გამოკეტვას!  
     შესაჯამებლად მინდა გითხრა, განაგრძე ცხოვრება და ეძიე ბედნიერება ყველაფერში!!!
      დატკბი მზიანი განთიადით სუსხიან ზამთარში, მოვა ზაფული და მოგვანატრებს წვიმას და გრილი საღამოებს. 


Saturday, November 17, 2012

წარსულთან ხეტიალი

 
რა საერთო აქვს ამ მუსიკას შოტლანდიურ ვისკისთან არავინ იცით, ხო?...
ალბათ არც არაფერი, ერთადერთი რაც მათ ჩემში აერთიანებს ცოოოტა მოგონებებია. თავის დროზე ერთმა ჩემმა მეგობარმა, ამ სიმღერას და ვისკის ერთად გვაზიარა. ვისხედით, გვიან შემოდგომის ერთ ღამეს შარდენის ერთ-ერთ ბარში და ვისკით ვითბობდით ისედაც თბილ გულებს. ვწრუპავდით ვისკის და ვისმენდით მის არაფხიზელ მღერას
Via, via, vieni via di qui, niente pi... 

და მერე ჰარმონიულად ვყვებოდით 
It's wonderful, it's wonderful, it's wonderful
good luck my babe, it's wonderful, it's wonderful,
it's wonderful
I dream of you... chips, chips, du-du-du-du 
ვისხედით ასე, რომელიღაც სალონში დაბიგუწებული ”უკან” გაყრილი ”პეროებით” და ვტკბებოდით წუთებით. ვოცნებობდით ათას სისულელეზე.
 მათ ალბათ ქონდათ კონკრეტული გადაკვეთილი ფიქრები, მე კი ასე მესამე, მხოლოდ იქ ყოფნას ვირგებდი.
 ამ საღამოების წყალობით გავიგე ვისკის და ყინულის კონცენტრაციის ნორმები, რამდენ გრამ ვისკიში აჯობებდა 2 ყინულის ჩაგდება. 
დავდიოდით და დავსვეცკაობდით. ანგარიშის მოტანისას ყველა ერთად ვეძებდით ”ჩაისთვის” დასატოვებელ ”ქეშს”. ანგარიშს საკრედიტო ან სადებეტო ბარათებით უმკლავდებოდა ”გურუ”.
მენატრება ”ბოჰემური” საღამოები!!!

Friday, November 9, 2012

თითქოს...


ჩემთან ქაოსია. 

დიდი სიყვარულია.
კიდვ აგრესული ვნებები და ბევრი არეული ემოციაა.
თბილა, ჩემს ვერდით თბილა!

შენთან, რა ხდება ისეთი, რომ ამ ჩემს არეულობაში ადგილს ვერ პოულობ? 

მოდი და გათბი!
დატკბი და გაიღვიძე ჩემი მეოციური დილით.
არც შენ და მითუმეტეს, არც მათ იცოდნენ, რა ხდება ჩემს _ ჩემში
რამდენად შეიძება შეგვევსო მე და შენ ერთმანეთი.
მეც არ ვიცი ალბათ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ, მე მთელი არსებით შემიძია მიყვარდეს და ვაღმერთებდე მას,  ვინც ჩემია! მე ჩემი ყველა ნივთი მიყვარს, შენც ჩემი ხარ, თუ ჩემი ხარ! 

მე არ ვიცი რომელ თქვენგანს ვწერ ამ სიტყვებს... 
გესალმები თუ გემშვიდობები, არც ეგ ვიცი. 

მე ის ვიცი, რომ შენთან დიალოგი მომენატრა! 

Sunday, November 4, 2012

გაქცეული, ბედნიერი წამები...


 ნინო ქათამაძე,  ჯერ კიდევ იმ დროიდან მომწონს, პირველი ვიდეო ჩანაწერი რომ ვნახე, რუსთაველის თეატრის ფოიეში ინსაიდთან ერთად მღეროდა...



ამ ნამღერმა კი, რაღაც განსაკუთრებული ემოცია მომიტანა.
ცოტა სევდა და დიდი სინანული. წინა პოსტებში მიწერია, რომ საჭესთან ისე ვტიროდი რამის ავარიაში მოვყევი, ზუსტად ამ სიმღერას ვუსმენდი... 
ისე დაემთხვა, რომ მაგ სევდიან განწყობაზე დამეწია... ამის მერე, როცა, ეს მელოდია მესმის უნებლიეთ, მახსენდება გაშვებული კოცნები.
ჩემი არ შემდგარი, Nu ფოტოსესია _ გვირილების მინდორში... 
მახსენდება, ყველა უჩუქებელი ყვავილი და ყველა უჩემოდ დამჭკნარი თაიგული.  
ამ უსასრულო მოგონებებს, კიდევ და კიდევ ემატება, შემუნდგარი ბედნიერი წუთები. დაბადების დღე, რომელიც დაავიწყდათ და არ მომილოცეს... 
მახსენდება დედა, რომელიც ვეღარ მილოცავს ვერცერთ დღესასწაულს. 
მაიმედებს ხვალინდელი დღის მოლოდინი და მაშინებს, რომ სადღაც დღის ბოლოს, მოვა ისევ ეს ულმობელი სიცარიელე. სიმარტოვე და სულის სიცივე შემომიძვრება. მოვიდა შემოდგომის ბოლო და მოაქვს სულის სუსხი. გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორს არის და ამ დრომდე მხოლოდ მომქანცველი, ახალი წლის სიკაშკაშე მაშფოთებს. თვალები ძლიერად მინდა მოვხუჭო და გადავაფრინდე, რაღაც გაურკვეველ აწმყოს.



Sunday, September 23, 2012

მოვიდა დრო, შენც წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან...

ადამიანის ცხოვრებაში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზოგჯერ ხშირად და საუკეთესო შემთხვევაში უიშვიათესადაც დგება, დრო განშორებისა...
ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ, უკვე არაპირველი განშორების დრო დადგა! მე არ ვიცი რამდენად ყოფილა სხვა განშორებები ჩემი ინიცირებული, ან ეს რამდენად დამბრალდება ამჯერადაც მე, მაგრამ ვიცი რომ ეს ”რაღაც” აუცილებლად ძალიან სასწრაფოდ უნდა მორჩეს!
ყველა განშორფებას საკმაოდ მტკივნეულად განვიცდი და საკმაოდ დიდი დრო მჭირდება ხოლმე აზრზე მოსასვლელად, მაგრამ 2-3 დღის წინ დავფიქრი და მივხვდი, დაუშორებლობა უფრო მტკივა ვიდრე ეს განშორების სუნი.
თუ, ადამიანისთვის არაფერი ხარ, რა აზრი აქვს რამეს?!
დიახ! ზუსტად! მე, მისთვის არაფერი ვარ. არ დავწვრილმანდები და არ ჩამოვთვლი არაფერ კონკრეტულს, გარდა 1-2 ფაქტისა:
პირველად, როცა წავედი საშინლად გაბრაზებული, მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა, იმდენად გაბრაზებული და აღზნებული რომ თავში მეც და მასაც, შესაძლოა ერთდროულად, გაგვიელვა ფიქრმა ”რაღაც ცუდი მოხდება...”.
ჩემი მანქანიდან გადასულმა, კარი რომ მომიჯახუნა და წავიდა, შიგნიდან ჩავკეტე საკეტები, ფანჯარას ავუწიე და ალბათ 15 წუთი გაუნძრევლად ვტიროდი, მერე ძალა მოვიკრიბე და გიჟური სისწრაფით და ცრემლებით დაბინდული თვალებით ვიარე ბევრი, იმდენი სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ბენზინი იცლებოდა ავზში.
ბენზინის ჩასასხმელად გაჩერებულმა, დავინახე როგორი გაოცებით მიყურებდა გალფის თანამშრომელი, დამშვიდობებისას მორიდებით მითხრა, გოგონი ცოტა დამშვიდდით და მერე წადითო, მანდ ვივხვდი რომ უნდა გავჩერდე.
გავჩერდი და წავედი სახლში. რამდენიმე დღის მერე ან არ ვიცი კიდევ უფრო მეტის შემდეგ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. იმ წასვლით ვერც ვერაფერი დასრულდა და არც არაფერი გაირკვა, მის თვალში მარტივი, ქალური ისტერიკა იყო.
მორიგი ჩემი წასვლა ზუსტად 4 დღის წინ იყო. მანქანის კარის მოხურვა არ ვაცადე ისე დავძარი მანქანა და წამოვედი, 4 დღე გავიდა და ჯერ არ უკითხავს გადავურჩი თუ არა ”მორიგ ისტერიკას”.
რა მნიშვნელობა აქვს ახლა რამეს?! ვინც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ქონდეს ადამიანს, შეიძლება რომ ამის მერე არცერთხელ მოიკითხო?
მე გადავწყვიტე და მივხვდი რომ 4 დღის წინ დასრულდა ყველაფერი. ეს პოსტიც მხოლოდ იმისთვის არის, რომ დავულინკო და ვუთხრა ”მე შენთვის 4დღის წინ, ავტოავარიაში მოვკვდი!!!”

Monday, August 13, 2012

მე, შენ ოცნებაზე გცვლი

ბავშვობაში წაკითხული ერთი ზღაპარი გამახსენდა...

გოგონა, რომესაც კეთილი მოხუცი,  უცნობი ქალი ჯადოსნურ ყვავილს ჩუქნის და ეტყვის რომ ნებისმიერ სურვილზე როგორც გვირილას, მოაძროს ერთი ფურცელი ააფრიალოს და ჩაუთქვას სურვილი. ”მე მინდა....!!! ” სულ ვოცნებობდი ასეთ ყვავილზე, თუნდაც ლიმიტირებული ოცნებებისთვის.

ერთი ახალი სურვილი შემომიძვრა. ცოტა რეალურია, კი არა ძალიან რეალურია. მე ყვავილი არ მაქვს მაგრამ თაიგული მავს ყმაწვილების.

ამ სურვილის ასრულების შემდეგ, მზად ვარ გამოვემშვიდობო ერთ-ერთ მათგანს. მას ვისაც ნარკოტიკივით მივეჩვიე და ვერაფრით ვეშვები...
მზად ვარ შეველიო და ჩემი სურვილის ასრულებისთვის მადლობის ნიშნად შევწირო აწმყოს.
სიამოვნებით გავცვლი წარსულის ყველა ყვავილს, აწმყოში ასრულებულ ოცნებებში.


Friday, June 22, 2012

27-ში, 17-ად ვგრძნობ თავს...


თინეიჯერივით არეული ვარ. ქაოსი მაცვია. თმები და ფიქრები, ერთნაირად აწეწილი და გახუნებუული მაქვს, ჯინსები არ მაცვია, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ დახეული და ჭუჭყიანი, ბოლოებშემოცვეთილი შარვლით დავფლატუნებ.
ორი ზომით დიდ ტანსაცმელში კომფორტულად ჩაყუდებული, ტანზე ვიკრავ გადახუნებულ ჟაკეტს.
გაზაფხულის სუსხი აკლია ჩემს განწყობას, ან შემოდგომის არეულობა როგორც ყოველთვის არის ხოლმე.
ერთ დღეს სიცარიე მთრგუნავს, მაკანკალებს მარტოობა.
მეორე დღეს ამ სიცარიელეს პეპლების ფრთხიალით ვავსებ, მერე სრული ნიჰილიზმი... დრეს კაკაშკის ფერი მოსასხამით მზად ვარ ”ჩავუსვარო” ყველას სადაც მივალ...
აი ხვალ რა იქნება, არავინ იცის!!! 

Wednesday, June 20, 2012

მე, ბოროტი და ეგოისტი ვარ!!!



არ მიყვარს, ჩემნაირი ადამიანები!
მაღიზიანებს იმის აღმოჩენა, რომ ვიღაც ჩემნაირად ფიქრობს.
არ მომწონს ჩემნაირად რომ იცვამენ და იღებებიან!
არ მიყვარს ჩემს ოცნებაზე რომ ოცნებობენ!
მგონია და ვგრძნობ, რომ მხდიან და მაშიშვლებენ, ჩემი კანიდან და თვითონ იცვამენ!
იმ ნაპერწკალს მართმევენ რაც ჩემია! არეული ”ჩემი” ცხორებით უნდათ ცხოვრება! ჩემს კანში იტენებიან და იმისმოუხედავად რომ  XXXL- არის მისი ზომა, ჩაცმის დროს მიხევენ.
ჩემი პოსტებიც ზუსტად იმიტომ გახდა საჯარო რომ ვერავის შეძლებოდა მითვისება!
ჩემი ცხოვრება ჩემია!
ჩემი ოცნებები ჩემია!
ჩემი თმის ფერი მხოლოდ ჩემია!

ვოცნებობ და მუცლით ვაგროვებ, პეპლებს....




















ბოლო მოვლენების და მძაფრი სიცარიელის განცდის შემდეგ, მწყურია და მინდა ავივსო.  პეპლებს ვაგროვებ, მუცლით. დიდი ხნის წინ დაკარგული შეგძნება მაქვს, სიცარიელეში პეპლები ფრთხიალებს. მიხარია! ახალი ემოციები მაქვს!  სიცარიელე აუციელებლია რომ თავისუფალ ცარიელ ადგილას, უკე შეიგრძნო პეპლის ფრთხიალი.
ოცნების ხასიათზე ვარ, ვგრძნობ რომ ჩუმად ვაპარებ მზერას და ტელეფონის ზარზე გული მიჩქარდება...

Thursday, June 14, 2012

სიცარიელე...



ბოლო რამდენიმე კვირაა, ყველაფერი მაწუხებს...
შინაგანი არეულობის, თუ დისკომფორტის გარდა, უკვე ფიზიკურად მაწუხებს ყველაფერი.
რეალურად მტკივა თავი, გული, სახსრები (ყველაფერი) სული მტკივა საშინლად. ამ ხნის განმავლობაში უამრავ ექიმთან ვიყავი და უამრავი ანალიზი თუ გამოკვლევა ჩავიტარე.
საერთოდ, არ ვარ დეპრესიული და სასოწარკვეთილებაში თითქმის არასდროს ვვარდები. თითქმის ყოველთვის შემიძლია გამოსავალი ვიპოვო. 
ნუ, თუ ჩემით ვერ ვოულობ, მაშინ მეგობრები მეხმარებიან. მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირად ვარ. 
ერთი, ის რომ, პრობლემა კონკრეტული არაა. ან პირიქით იმდენად მასშტაბურია, რომ ვერ ვბედაბ ქექვას. მეორე ის რომ ყველა მეზედმეტება.ვერავის ვეკონტაქტები, ორი კაცის საზოგადოება, უკვე ძალიან ბევრია. 
სხვა ენაზე ვსაუბრობ, სხვა პრობლემები მაწუხებს. იმდენად მიწიერი და ბანალურია ეს ყველაფერი, რომ განვრცობაც მეზარება. 
ზოგადი მდგომარებოა, სიცარიელეა. 
რომ მკითხო, 
რა მჭირს _  ვერაფერს გეტყვი._  ”არაფერი”! 
რა გაწუხებს? _ არაფერი...
რა გაგახარებს ან გაგახალისებს ამ წუთას? _ არაფერი....
მეგობრებს ვშორდები. 
მარტო ყოფნა, არ მიყვარს, მაგრამ კომფორტულად ვარ. 
ამ მარტოობაში უცებ მინდება რომ ყველა ერთად გაჩნდეს ჩემს გვერდით სულ 5 წუთით, მარტო იმისთვის რომ თანაარსებობა ვიგრძნო მათი, და მერე ისევ მარტო დავრჩე.
მეშიანია, ამ მდგომარეობის და ვერაფერს ვცვლი...

Monday, June 4, 2012

გასვლა მომინდა....


რაღაცნაირად ვარ, გასვლა მომინდა ჩემი კანიდან.
თითქოს, გვერდიდან მივყვები საკუთარ სხეულს და წარსულზე, პირველად გულწრფელად ვფიქრობ.

სინანული ვიგრძენი, დიდი ხნის მერე. 
სირცხვილი, საკუთარი სიშიშვლის გამო. 
მივყვები ჩემს სხეულს უცხოსავით და თანაგრძნობით მინდა პლედი მოვასხა, დავმალო და დავფარო სამარცხვინო სიშიშვლე. ჩემი პლედი, გამჭვივალეა და სირცხვილის ოფლით დანამულ სხეულს პარკივით ეკვრის და ვერაფერს მალავს...
პლედი დი არა, ცოდვის მანტია ლოცვით მინდა შემოვახიო და მერე მოვა ძილი, მშვიდი ძილი....

Tuesday, May 22, 2012

მივხვდი!!!!

მე მივხვდი რა მჭირდება და რა მაკლია.

ეს სიმღერა აკლია ჩემს ცხოვრებას!!!! 


Tuesday, April 24, 2012

ორი მე....

ფიქრებ აშლილი და ამსუბუქებული ვარ!
ჩემი ბლოგის ავტორს ვემსგავსები...
მგონია, რომ გამოვიგონე და მას ვბაძავ, არადა სულ ასეთი ვარ.
მხიარული, უზრუნველი,  პერიოდულად დეპრესიული.
განცდები და შეგრძნებები, მკაფიო და ერთმანეთიგან განსხვავებული. ფიქრები, ბევრისგან განსხვავებული. ზოგჯერ მგონია რომ ორი ადამიანი ცხოვრობს ჩემში. მხოლოდ მე კი არა, გარშემომყოფებიც ორ ადამიანს ხედავენ. ერთი მე, საკმაოდ ჭკვიანი წინდახედული, ბევრისთვის სამაგალითო და წესიერებით გამორჩეული.
მეორე მე, ფიქრებში არეული, უხამსი ფიქრებით და კიდევ უარესი ქცევით გაჯერებული.
წესიერების პლედში გახვეული სიძვის ქანდაკებას გავს ჩემი ორი მეს ერთად ცხოვრება. ორივე ერთნაირად ემოციურია, სხვადასხვა ემოიები ჭირთ.
ერთი მოსიყარულე და გაგიჟებამდე ტკბილია.
მეორე, მრისხანე და გაბოროტებული. ანთებული თვალებით, ზოგჯერ სიყვარულის ვნებით ანაპერწკლებული, ზოგჯერ სიძულვილის მრისხანებით აცრემლებული.

იმდენად ვოცდები საკუთარი არსებით, ხშირად გული მწყდება რომ ეს ორივე მე ვარ და არ მაქვს ჩემი თავის თავიდან გაცნობის საშუალება.

სიხარულით ვიქნებოდი მესამე მე, შევხვდებოდი ჩემს ორ მეს და დავტკბებოდი, ჩემი ორი მეს შეცნობით...

Monday, April 16, 2012

მე და მამა...

 მე და მამას, ძირითადად, ნორმალურზე კარგი ურთიერთობა გვქონდა...
ვერ ვიტყვი რომ სანადიროდ ან სათევზაოდ დავყვებოდი, არც ფეხბურთს ვგულშემატკივრობდი მასთან ერთად, მარტივი მიზეზის გამო, არცერთით არ იყო არასდროს გატაცებული... თუმცა, რომ ყოფილიყო ნამდვილად ვიცი, რომ მე მატარებდა, იმისდამიუხედავად, რომ 12 წლით უფროსი ძმა მყავს...
ნაბოლარა”, თან გოგო...
მამებს და გოგოებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ დგება დრო როცა ვიზრდებით და მამა-შვილური რომანტიზმი სადღაც ქრება.
მიზეზებს რა დალევს, გვიან მოსვლა ან სადმე თუნდაც დასასვენებლად მეგობრებთან წასვლა. საყვედურები მისგან, საყვედურები ჩემგან... აშორებს პრობლემები ადამიანებს...

დაახლოებით ერთი თვის წინ მანქანა ვიყიდე, მართვის მოწმობა ჯერაც არ მაქვს...
თუკი სადმე მივდივარ თან მიმყავს ჩემი მანქანით. დავყავარ და ტარებაში მავარჯიშებს ისე როგორც ძალიან დიდი ხნის წინ, სოფელში დამსვამდა თავის მანქანაზე და ამაყად მასწავლიდა...
ამ ”უპრავობის” ორომტრიალში რომანტიზმი მომეძალა. 15-20 წლის წინანდელი ამბები მახსენდება.
ჯერ კიდევ შევერცხლილი თმით მამა და უაღრესად გათამამებული მე. სოფლის გზაზე შეცდომითი მანევრირებით ოთხივე საბურავი ჰაერში დავუტოვე მანქანას. გამვლელები დაგვახმარნენ და ხელით გადმოიყვანეს მანქანა. დამშვიდობებისას მამამ ამაყად გაიმართლა თავი, რა ვქნა სწავლებაც მსხვერპლს მოითხოვს ალბათო.. მათაც ღიმილით გადმომხედეს და წარმატება მისურვეს.
ახლა უკვე თეთრად გადაპენტილი თმით და მეტი სიფრთხილით, ქალაქის ვიწრო  და ფართე ქუჩებში, უფრო დაძაბული მაგრამ მეტი თავშეკავებულობით, ფრთხილად მაძლევს შენიშვნას რომ არ დამაბნიოს და შეცდომა გამოუსწორებელი არ აღმოჩნდეს.

P.S. მინდა მარვის მოწმობა და თან ძალიან, მაგრამ მომწონს რომანტიზმით გაჯერებული მე და მამას რეალობა!



Friday, March 30, 2012

9 აპრილი ....

არ ვიცი ამ შუაღამისას რამ გამახსენა ეს ტრაგიკული დღე. პატრიოტი ალბათ ვარ. ვერ ვიტყვი რომ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი მაქვს სამშობლოსთვის გაკეთებული, მაგრამ სიხარული და ტკივილი ისეთივე, ან იმაზე მეტიც მაქვს, როგორც სამშობლოზე შეყვარებული გულში მჯიღის ცემით მკერდის ძვალ დაზიანებულ ვითომ პატრიოტებს.
მე არავის არ ვაკნინებ უბრალოდ ამ ყველაფერს ისტორია და დრო აფასებს. ვინ რას აკეთებს კონკრეტულ სიტუაციაში. 
დაძინებას ვაპირებდი უკივე და რატომღაც კალენდარისკენ გამექცა თვალი, მარტი იწურება... ღრმა ბავშვობაში, ბაღში ნასწავლი ლექსის 1 სტრიქონი გამახსენდა ”*** აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთა”. მაშინ 5 წლისაც არ ვიყავი და ყვეაფერი ალბათ ბევრ ჩემს თანატოლზე უკედ მახსოვს. მე უფროსი და-ძმა მყავს, მაშინ 15-17 წლის იყვნენ მახსოვს 9 აპრილის ღამეს რამხელა სკანდალი იყო ჩემს სახლში. ჩემი და და ძმაც გაპარვას აპირებდნენ და მამამ ეზოდან მოაბრუნა. მერე მთელი ღამე გაუთავებელი ჩხუბი გადიოდა ჩვენი სახლიდან. არა მთელი ღამე არა, მანამ სანამ საშინელება დაიწყო. მახსოვს ტელევიზორიდან პატრიარქის ხმა. ეს ალბათ პირველად იყო როცა მისი ხმა გავიგე და დღემდე ყურში მაქვს, როგორ ცდილობდა უბედურების თავიდან აცილებას. ეს კადრები რაც ყველას გვახსოვს, არეულობა, ხალხის ქაოტური გაქცევა, კივილი, ტირილი ... და მერე დიდი დუმილი.
სახე წაშილილი უფროსები. მე ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა მაგ დღეს. 
ეკა ბეჟანიშვილის გამოსვენება. ეხლაც ნათლად მახსოვს ჩემი საძინებლის ფანჯრიდან დანახული უამრავი ადამიანი, სასახლე რომელშიც ესვენა 17 წლის ეკა. მახსოვს დედაჩემის ჩუმი ტირილი. მერე თბილისი მახსოვს, რუსთაველი უამრავი წითელი მიხაკით და ბევრი სანთლის ნამწვით. ბებიამ წამიყვანა და ჩემი თვალით მანახა, რა ხდებოდა გარეთ. ეს ალბათ იმისთვის რომ თუნდაც დღეს გამოვეფხიზლებინე არსაიდან მოსულ ამ ემოციებს...

Sunday, March 11, 2012

სურნელების არომატული საიდუმლო

ერთ დროს ძალიან ახლობელი სურნელი, ქუჩაში შემომიძვრა და შემაკანკალა.
დიდი ხანია, სუნს აღარ ავუღელვებივარ. 
საყავარელი ადამიანის არომატი ბევრჯერ, საერთოდ არსაიდან მომსუნებია და რეალობიდან წავუთრევივარ, სადღაც შორეულ ოცნებებში. 
ალბათ რაც უფრო განსხვავებულია ეს არომატი შენისგან, მით უფრო მძაფრად აღიქვამ...
რა ხდება მაშინ როცა ახალ არომატს ქმნის პარფიუმერი? 
ერთი მკვლელის ისტორია ”პარფიუმერი” გამახსენდა. გენიოსი ჟან ბატისტი მანიაკალური მიდრეკილებებეით. ყველასგან განსხვავებული საკუთარ თავში ჩაკეტილი და მძაფრი სურვილით შეპყრობილი, შეენარჩუნებინა ქალწულების სურნელება. ადამიანი რომელსაც საკუთარი არომატი არ გააჩნდა, შეძლო და  წაართვა უმშვენიერეს ქალწულებს არომატი და მასთან ერთად სიცოცხლეც...
მე ჩემს ჟან ბატისტს, საფრანგეთიდან ძალიან შორს, ეგვიპტის პარფიუმერულ სალონში მივაგენი. ძალიან სიმპატიური და მორიდებული არაბი. ჰოლივუდური ღიმილით ყოველ დღე მეპატიჟებოდა თავის სალონში, რომელიც ჩემს სასტუმროსთან იყო. ერთ დღეს გავბედე და შევედი, ტიპიური ტურისტის ცნობისმეოყვარეობით გაფართოვებული თვალებით. დაინახა ჩემი ინტერესი და მარკეტინგული ჯადოქრობებით დამაბა. საყვარელი სუნამო მკითხა და ჩემდა გასაოცრად, იდენტური სურნელებით ზეთოვანი სითხე გადმოიღო, კოლბაზე წარწერით Chanel Chance. ამის მერე თითქმის ყოველდღე მივდიოდი ხან ჩაიზე და ყავაზე, ხან უბრალოდ არომატებზე სასაუბროდ, იქ გავიგე რომ შეუძლია შექმნას სურნელი სპეციალურად ჩემთვის. ჩემი ხასიათის და ტემპერამენტის გათვალისწინებითაც კი. ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა არც კი მიფიქრია, მზგავსი შანსი ალბათ აღარასოდეს მექნება, რომ ვინმემ ჩემი ხასიათის სურნელი, მხოლოდ ჩემთვის შეიქმნას. 
დაახლოებით 3 საათი აზავებდა რამოდენიმე არომატულ ნელსაცხებელს და შემდეგ ჩემს კანზე ტესტავდა. ზემოთ ჩამოთვლი მახასიათებლებთან ერთდ ადამიანის კანის არომატიც მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. გრილი, მდგრადი კაციც ნაპეწკალით და მსუბუქი სიტკბოების ნაზავი, ოკეანის და თევზების სუნით, ეს მხოლოდ ჩემს კანზეა ისეთი რომელიც მაშინ დამზადდა. ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირად მოსწონს, მაგრამ ალბათ ჩემზე დაბკურებული მაინც განსაკუთრებით ;)
ამის მერე კიდევ უფრო დავუახლოვდი ჩემს ბრგე არაბ პარფიუმერს და უფრო მეტი სითამამით დავდიოდი ჭიქა ყავაზე და სიგარეტზე მასთან საჭორაოდ. თავბრუდამხვევ არომატებში ვურევდი თბილისიდან წაღებული კენტი 8-ის არომატს და თითქოს თბილისურად ვჭორაობდი ჩემს არაბ ჟან ბატისტთან...

Monday, February 27, 2012

ფიქრი ხელს მიშლის თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში!


გითამაშიათ ადამიანებთან ურთიერთობისას? 
ნურავინ მეტყვის რომ თუნდაც პირველ პაემანზე ზედმიწევნით არ აკონტროლებთ ხმის ტემბრს, ჩანგლის და დანის ხმარებას ან წვენის მოსმას. ფინჯანის აღება და თუნდაც მზერა.
ყავის ჭიქაზე მიდებული ტუჩებით ქვემოდან, უმწეო ამოხედვა. არ მითხრათ რომ არცერთი ეს არ გაგიკეთებიათ.
კაი თუ ეს არა მაშინ, ჩვეულებრივზე მეტი სუნამო.
სახლიდან გასვლის წინ აბაზანაში უკვე მეასედ შესვლა და კიდევ ერთხელ კბილების გახეხვა. რომ არ ჩავთვალოთ მთელი დღე კარადასთან და სარკესთან დაუსრულებელი ტანსაცმლის ცვლა. ასე ხომ არ იქცევი მაშინ როცა, უბრალოდ მეგობრებს ხვდები? 
თავს ვიწონებთ და ვაწონებთ დადებითი თვისებებით, არადა რეალურად ყველას გვინდა რომ ჩვენი უარყოფითი თვისებებით ვუყვარდეთ. აღიაზიანებდეთ ადამიანები რომლებიც იგვიანებენ და შენს მოლოდინში ყველა წუთი უფრო და უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდეს, იმის ფიქრით რომ მიხვალ და გნახავს, ჩაგეხუტება და დიდად მონატრებული სუნით აივსება, დანაყრდება შენი სისულელეების სმენით. სცილით და მოთმინებით აიტანს შენს კევის ღრაჭუნს და ბუშტების ბერვას. მზესუმზირის წკაპუნს და წვენის ხვრეპას.
არ ვიცი სხვებთან გამიკეთებია თუ არა რამე ასეთი მაგრამ კარგად მახსოვს, ერთ ბიჭს ვხვდებოდი. ჩემზე საგრძნობლად უფროსს, უკვე შემდგარ ადვოკატს. სერიოზულ და გაწონასწორებულს. დამჯდარი ტემბრით და გაწერილი დღის განრიგით. მე კიდე, ფიქრზეც კი მქონდა უარი ნათქვამი, პატარა მიზეზის გამო. ”ფიქრი ხელს მიშლის თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში!” მაშინ პირველად გავაკეთე და გავხდი ქარაფშუტა. ჭიქაში დარჩენილი წვენი ყინულებიდან ისე ამოვწრუპე, უხერხულად შემომხედა და გამეორება შემომთავაზა, მე კიდე ძალიან ჩვეულებრივად _ არა მე უბრალოდ მომწონს ასე დალევა...
ეს მორგებული როლი იყო ალბათ, თორემ ეგეთი ქარაფშუტა არ მგონია რომ ოდესმე ვყოფილიყავი. 
შეიძლება ეს კომპლექსია, კომპლექსი არასრულფასოვნების. საბოლოო ჯამში წარუმატებლობას იმ შექმნილ ”მეს” გაცილებით ადვილად დააბრალებ, ვიდრე აღიარებ რომ ბევრი ცდის მუხედავად ვერ გახდი მისთვის მოსაწონი. ზოგჯერ მინდა რომ გამოუცდელი იდიოტი ვიყო, მგონია რომ ბევრად მარტივია იდიოტებისთვის ცხოვრება. ვერ ხვდებიან და არ იღლიან თავს ზედმეტი ფიქრით. ხშირად მძულს საკუთარი გამოცდილება, ის რომ შემიძლია შედარება. ადამიენების განსხვავება და კარგის და ცუდის გარჩევა. მინდა რომ მჯეროდეს, რომ ის ვინც ახლა ჩემს გვერდით არის ყველას ყველაფრით ჯობია. 
არადა ხშირად ვხდები რომ არც ისე მაგარია, როგორც გარეგნულად ჩანს.

Saturday, February 25, 2012

მიყვარს ყავით და "პაპიროსით" გაღვიძება



ვინმეს გიცდიათ სიგარეტისთვის თავის დანებება?
მე, კი.
ძალიან ბევრჯერ და თან საკმაოდ წარმატებით 
სასაცილოა ხო? 
პროფესიონალი თვითმკვლელივით ვარ, იმდენად მარტივად ვანებებ თავს რომ ჩემი 3 წლიანი სტაჟის განმავლობაში ალბათ 5-ჯერ დავანებე მოწევას თავი 2-3 თვით. 
იმდენად მიყვარს მოწევა, ვგიჟდები პირველი ღერის გემოზე!!! დიდი პაუზის მერე სულ სხვა გემო აქვს, გაბრუებს და ჯერ კიდევ არ აქვთ გაბანძებული ჩვევაში გადასული ნიკოტინის გემო.
ამ პაუზებში მხოლოდ კენტი 8 იყო რის ცდუნებასაც ვერ ვუძლებდი. 
დღეს 26 თებერვალია და უკვე 4თვეა არ მომიწევია. ნუ, თუ არ ჩავთვლით 2 მცდელობას, ისიც კენტი8-ით გამოწვეული სისუტის გამო, რომელიც სამწუხაროდ პირველივე ნაპასზე გადავაგდე. ვეღარ ვისიამოვნე, ისე როგორც სხვა დროს ხდებოოდა ხოლმე. 
არადა ამ შუაღამისას სიგარეტზე ფიქრმა წამომაგდო საწოლიდან და გადავწყვიტე ეს ემოცია მეთქვა. დაკარგული სიყვარულივით მენატრება ხოლმე. მენატრება სიგარეტით განმარტოვება საკუთარ თავთან და ბოლო ღერის შიში რომ დროზე უნდა იყიდო. მენატრება ასანთით მოკიდებული სიგარეტის პირველ აალებას მოყოლებული ჩემი ტუჩებით ფილტრთან მოჭიდება. ბოლის წართმევა და ღრმა თითქმის ფილთვებთან გადაშვება. მერე ისევ ტუჩებით გემრიელი გამოთხოვება საკუთარ სხეულში გატარებული კვამლის. სიგარეტი ცუდი საყვარელივით არის. გსიამოვნებს, მაგარამ გვნებს. სათანადოდ ვერ გექცევა :)) არ გიფრთხილდება. აი მაგიტომაც პირველი ნაპასები მიყვარს და მენატრება მერე უკვე პაპსავდება. ბანძდება და გიმორჩილებს. დროს და ფინანსებს გართმევს. კიდევ ჯანმრთელობას და ქალის პეწს. მიყვარს ყავით და პაპიროსით გაღვიძება, მერე მთელი დღე თითებში მოქცეული ღერით დღის გალევა, მაგრამ ამჯერად არ ვაპირებ მოწევის დაწყებას.

Saturday, February 18, 2012

ოცნებით, ოცნებაში....

ახლა რატომღაც ჩემი ბავშვობის ოცნება გამახსენდა. დიდი ხანია არ დავფიქრებულვარ და ასეთი სიძლიერით აღარ შევუბყვრივარ გაქცევის სურვილს. 
თუ არ მეშლება 1994 წელს გამოვიდა და მეც ალბათ მაშინ მოვისმინე და ვნახე ეს სიმღერა. 10 წლის ვიყავი დავდიოდი, ჯერ კიდევ კომუნისტური გადმონაშთებით გაჟღენთილ სკოლაში და გაქცევაზე ვერც კი ვოცნებობდი. 
ამ კლიპით სურვილი მომივიდა, დიდი სურვილი, გავქცეულიყავი ასეთივე მანქანით ჩემს უახლოეს დაქალთან ერთად და თავისუფლებით დავმტკბარიყავი. 
არ მახსოვს ეს სურვილი გავუზიარე თუ არა იმ ჩემს ერთადერთ დაქლას, რომელიც დღეს უკვე მეორე შვილს ელოდება და მისი პირველი შვილის ნათლია მე უკვე ვარ. 
არ ვიცი ვინ იცის, რომ ეს სიგიჟე დღესაც თავში მაქვს და სიგიჟემდე მინდა საკუთარი მანქანით დაკალოჩკებთან ერთან თრიფი მოვაწყო და ქალაქიდან_ქალაქში, ქვეყნიდან -ქვეყანაში ზედმეტი ფიქრის გარეშე ვიაროთ.

არ ვიცი რამდენი ამყვებოდა ამ გიჟურ წამოწყებაში, ან მე რამდენად შევძლებდი ამის ინიცირებას, მაგრამ თათა შენ რომ ამეკიდებოდი, ეს კი ნამდვილად ვიცი.

თავისუფლება და უსასრულოდ უზრუნველობა მინდა! სიგიჟე ნარევი ინტელექტუალის სახეებით მუზეუმების თვალიერება მინდა. ლუვრში, წესრიგის დარღვევა და ეიფელიდან გადმოფრენა მინდა! 
მაჩუქეთ რა ერთი წყვილი გამძლე ფრთები ოცნებასთან უნდა მივფრინდე, ან მათხოვეთ და დაგიბრუნებთ.

Thursday, February 9, 2012

სრული აბსურდი...

მე და მამა მარტო ვცხოვრობთ...
მყავს და და ძმა, პატარა გოგოჩებით... 
ვთვლი, რომ დიდი, მხიარული და ხმაურიანი ოჯახი გვაქვს, როცა ყველა ერთად ვართ. გაგიჟებამდე მიყვარს ეს ჟრიამული, ოღონდ 1 საათით, მერე მღლიან.
ყველა თავისთვის იწყებს ხმაურს. გოგოები პიანინოს ახმაურებენ ტელევიზორის პარალელურად, ან ტელევიზორში ბოლო ხმაზე აწეულ მუსიკაზე დგამენ საცეკვაო ნომრებს. ამ დროს, ჩვენ ამ ხმაურში ვცდილობთ ერთმანეთს ვეკონტაქტოთ. წარმოგიდგენია რა დასანახია ყველაფერი  ეს ოდნავ გვერდიდან?
აქ მოდის ოცნედბები, ოცნებები მარტო დარჩენაზე. ზაფხული, როცა ყველა ერთად თბილისიდან შორს მიდის და ჩემს სახლშიც ნანატრი სიჩუმე ისადგურებს. 

ახლა ვცდილობ გარემო შევიქმნა , იმისთვის რომ დავწერო რაღაცეები. 
ამ ცივ ზამთარში ერთი ბუხარი, შეშის ტკაცუნი და ცეცხლის შუქით განათებულ და გამთბარ ოთახში დავჯდებოდი და ბევრს, ძალიან ბევრს დავწერდი... 
ტელევიზორები და გაზის გამათბობელი, ფანჯრებს მიღმა თოვლ-ჭყაპში მანქანების ხმაური, ფიქრებს მიბნევს და უნიჭოდ მაბნევს... მე კიდე იმდენი მაქვს სათქმელი, იმდენი რამ მიტრიალებს თავში, მინდა დავჯდე და გეჭორაო. 
არა, ჭორაობა კი არა, ქაქანი მინდა. 
აი ისე მე რომ ვიცი და შენც რომ იცი, რომ როცა მე რამეს გიყვები, სულ მასეთი აღტაცებული, ან შეშფოთებული ვარ. 
ემოციებით გატენილი, იმდენად რომ სუნთქვაზე მეტყობა ახალი ამბების განწყობა. ერთმა ჩემმა ძალიან ძველმა ნაცნობმა, დიდი ხნის წინ მითხრა, იმდენი ემოცია და ენერგია გაქვს, წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ გამოიყენოო. 
იცინოდა და დამცინოდა, შენს მომავალ ქმარს აუცილებლად ვნახავ და ვეტყვი არასდროს მოერიდოს შენი წყობილებიდან გამოყვანას და ხშირად გეკამათოს, რომ მერე შერიგების შემდგომი სექსით დატკბეთო. ეს რომ მითხრა ისე გავუბრაზდი, მთელი 1 თვე მიბოდიშებდა და მირიგდებოდა. 
რა შუაშია ეს პოსტნაჩხუბარი ვნებიანი შერიგება არ ვიცი. ისე, უბრაოდ გამახსენდა და ეგეც ვთქვი...
ისე, მართლა მაინტერესებს, მართლა მასეთი განსაკუთრებულია ეგ შერიგების ბაფთებით გაბანტული სექსი?... მე სრულებით არ მინდა სექსზე ვისაუბრო, მითუმეტეს ახლა...

Wednesday, February 8, 2012

ბევრი რამის დასასრული

რას ნიშნავს დასასრული, ან კონკრეტულად რის დასრულებას ვგულისხმობ?...
ნერბისმიერი რამ, თუნდაც ღამის დასასრული... ძალიან ადრე რომ გეღვიძება და ძილის  შებრუნებას სწრაფად ცდილობ.  კიდევ მეტ ხანს, რომ მოასწრო თბილ საწოლში საბნის ქვეშ თავის მალვა. კრუტუნით ცდილობ თავი გაიბრუო და უარი უთხრა ახმაურებულ დილას. მერე მაღვიძარა იწყებს 9 წუთიანი ინტერვალებით ზუზუნს, მანამ სანამ არ წამოგაგდებს.
ფინჯანი ყავით ხელში ოთახებში ბორიალი და კარადებში ტანსაცმლის ქექვა. ყავაც აუცილებლად დიდი ფინჯანით, რომ არ დამთავრდეს და სანამ სახლის კარებს გაიხურავ, მაშინ მოსვა ბოლო ყლუპი.
ორშაბათს დილით იმის შიში, რომ ოთხშაბათამდე 2 დღე გაქვს და ამ დრომდე გაქვს უამრავი რამ მოსასწრები, მერე პარასკევის სიამოვნება და განცდა რომ ეს 2 დღე ძალიან ცოტაა და სრულებით არ არის საკმარისი რომ დატვირთული კვირით გადაღლილმა დასვენება და გართობა მოასწრო.
ორკვირიანი შვებულების მეექვსე დღეს ფიქრები მოდის რომ თითქმის ერთ კვირაში მთავრდება შვებულება. 
ეს ყველაფერი უაზრო წუწუნს გავს, არადა ამით სრულებით არ მინდა იმის თქმა რომ ყველაფრით უკმაყოფილო ვარ, უბრალოდ ეს მოლოდინები მცირე დასასრულამდე შემზადება რაღაც დიდისთვის...

მოდი ეხლა ამ არეულ აბსტრაქტულ რაღაცეებს გავეშვები და თავს მოვუყრი იმ სათქმელს, რაც მინდოდა დასაწყისშივე მეთქვა.

ცოტა ცუდ ხასიათზე ვიყავი ფიქრები რომ შემომიძვრა...

გადაღლილი დღის ბოლოს სამუშაო დღის დასრუებიდან კარგა ხნის მერე, გადაღლილი გავედი სამსახურიდან. თოვლიანი გზის წყალობით 15 წუთის ნაცვლად, საათი და 15 წუთი მივდიოდი სახლამდე. მივდიოდი და სითბოში განაბული, ყურებში ჩარკვიანი მპირდებოდა ”მე გადმოვცურავ ზღვას”-ო, ვისმენდი და გული მწყდებოდა რომ ამ სიცივეში არავის მოუჩქარია ჩემთან და არავის უნდა ჩემთვის გადაცუროს ზღვა.

მაშინ როცა ყველაფერი ადვილად და ასე მალე მთავრდება, რა დაემართა ამ ზამთარს, რატომ გაჯიუტდა და რატომ აღარ მიდის ჩემი თბილისიდან!!!
მოოდი გაზაფხულო და დაამთავრე ეს სუსხიანი თეთრი ზამთარი!

Wednesday, February 1, 2012

შვებულების წინა დღე მინდა იყოს და ხვალ მალდივებზე მივდიოდე!!!


ისეთი გადაღლილი ვარ ამ უაზრო ემოციებით და ამ გაყინული ზამთრით, ზაფხულზე ვოცნებობ. ცხელ მზის სხივებზე. ქვიშისგან დამწვარი ფეხის გულების ზღვაში გაგრილება და მერე ტალღებში უდარდელი შეჭრა. თავდავიწყებით ცურვა და დაქანცვამდე ნაპირზე არ გამოსვლა. ამ ფიქრებში ზღვის სუნი და მარილიანი ტუჩების გემო ვიგრძენი!!!
სადმე უკაცრიელ ზღვის სანაპიროზე, ”ტოპ-ლესმივიღებდი” ”ურაზნიცო” ”ზაგარს” და მერე თბილისში დაბრუნებული უგზოუკვლოდ ”ვიმარიაჟბდი” არ ნახული თებერვლის რუჯით.

Sunday, January 29, 2012

მარტოობის 11 წელი...

ზუსტად ამ დღეს 11 წლის წინ ღრმა წყვდიადში და თვალუწვდენელ სიბნელეში გავაცილე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ადამიანი რომელიც სამაგალითოა და დღემდე იგივე ემოციას აღვიძებს ჩემში, რაც ამ თერთმეტი წლის წინ ერთ ორშაბათს მეწვია. 16 წლის ასაკში საკუთარი ხელებით ვცდილობდი სიკვდილს მოვრეოდი და ჩემთან დამეტოვებინა დედა. არ გამომივიდა... ამის მერე ქაოსმა დაისადგურა. უამრავი წაშლილი სახე. მამის გაშეშებული მზერა, ჩემი ძმის სევდიანი თვალები, ჩემზე მეტად რომ ხვდებოდა ყველაფერს. და და, რომელიც თითქოს თავისი სიძლიერით ცდილობდა მაგალითი მოეცა, ეჩვენებინა რომ ძლიერები უნდა ვიყოთ და ყველა ერთად ამ ყველაფერს გავუძლებთ.
ამ უბედურებაში უამრავი ადამიანი გიდგას გვერდით.
საოცარი უნარი გვაქვს ადამიენებს, უბედურებაში თანაგრძნობის და გვერდით დგომის. ყველაზე მეტად სიხარული გაზიარება გვიჭირს გულწრფელად, თორემ სინანულით გულწრფელად გვენანება გაჭირვებულები. 
უცებ აღმოვაჩინე რომ სრულიად მარტო დავრჩი ამ არეულ სამყაროში. ფიზიკურად უამრავი ადამიანი იყო ჩემს გვერდით, მაგრამ მე ჩავიკეტე. ჩავიკეტე ჩემს უბედურებაში და ამით ვცდილობდი არავისთვის მეჩვენებინა ის უსუსური შიში, რომელიც ეხლაც თან მაქვს. მარტოობის შიში, იმის რომ როცა ყველაზე მეტად გინდა დედის რჩევა, ვერ მიიღებ და მხოლოდ ვარაუდით შეგიძლია მიხვდე რომ ალბათ მას ასე მოეწონებოდა... მე გავიზარდე, ერთ დღეში ალბათ ათი წლით გავიზარდე და დავკარგე პირველად შეცნობის სიამოვნება. ვარდისფერი სათვალის მორგებაც კი ვერ მოვასწარი ისე შევეჩეხე სამყაროს შავ ფერში. 
არ მიყვარს 29 იანვარი არ მიყვარს და მინდა რომ არასდროს მიყვარდეს! არ მინდა ამ დღეს დაბადებული ადამიანები გაჩდნენ ჩემს ცხოვრებაში! არ მინდა! მინდა რომ მთელი სიძულვილით მხოლოდ ეს დღე მძულდეს! მაშინ ვიფიქრებ რომ ეს ერთადერთია რაც მძულს. 
მთელს სიძულვილს ერთ დღეში მოვაქცევდი და მხოლოდ ამ დღეს ვიქნებოდი ცუდად.

Sunday, January 8, 2012

ბიჭები, რომლებიც ჩემი ცხოვრებიდან არასდოს მიდიან

    ჩემი ყველა პოსტი ასე თუ ისე, პირდაპირ თუ ირიბად ბიჭებზეა. ამ ბიჭებსაც სხვადასხვა სტატუსი აქვთ. ისე ყველაზე ხშირად ”მეგობარს” ვხმარობ. იმიტომ კი არა, რომ უდიერად ვექცევი ამ სიტყვას, ან ადამიანებს, ვისაც ”მეგობრებს” ვუწოდებ, უბრალოდ ეს სიტყვაა უნივერსალური, უზომოდ ფართე გაგებით შეგიძლია თავისუფლად იხმარო, ისე რომ არც კი გადაამოწმო რამე ხომ არ გეშლება... 
მეგობრები, მეგობრები და კიდევ მეგობრები!!! 
ყველაზე ძვირფასია, თუკი რამ გამაჩნია. ამ ძვირფას მარგალიტებში არის 5 ”მამალი მარგალიტი”. ჩვენ, პირველი კლასიდან ვმეგობრობთ. ვმეგობრობთ კი არა უკვე ვნათესობთ... უი ეხლა გადავთვალე, უკვე  20 წელია, ეს მთელი ცხოვრებაა. 
ყველას საკუთარი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება გვაქვს. პროფესიითაც ყველა განსხვავებული ვართ... იცით რა ხდება დღესაც რომ ვხვდებით ერთმანეთს? მეხუთე კლასელებით ვიქცევით.
   ღიმილით მახსენდება, მათთან ერთად ფეხბურთის თამაში და სკოლის დროინდელი სიგიჟეები. კლასი-კლასზე ბიჭების ჩხუბში შუაში რომ ვიდექი, მგონი ყველაზე ნაცემი და გაწეწილი ბოლოს მე რომ ვრჩებოდი.:))) სკოლის დამთავრების 5 წლისთავზე მორიგ ჩხუბში, კოქტეილის კაბით, სამკაულებ მოხსნილი, შუაში რომ ვედექი.
    ერთხელ ვურეკავ, ”ბიჭებო ”მივქარე” და ეხლა თქვენი დახმარება მჭირდება!!!” რომ მივედი გაფითრებული სახით დამხვდენენ. კითვები დამაყარეს, რა ქენი, რა მოგივიდა, რას ქვია ”მივქარე”? 
დარწმუნებული ვარ, სანამ მივიდოდი ათასი საშინეება წარმოიდგინეს და უარესიდან გამოსავალის საპოვნელად ემზადებოდნენ.
   - ბიჭებო, გუშინ დავთვერი და ერთ ტიპს ვუთხარი მიყვარხართქო.... 
მათი დუმილი და შეშფოთებული სახე... ”რა, არ გიყვარს და მოატყუე?” დამნაშავის სახით ვცდილობდი თავის მართლებას :))) ”არა კი მომწონს, მარგრამ არ მიყვარს და ”პიანი ბაზარი იყო”, მოკლედ რამენაირად უნდა ვქნა, რომ ”კოშკები” არ ააგოს. ბევრი ჭკვიანური რჩევა მოვისმინე. მათ შორის იყო, დაიცადე იქნებ მართლა რაღაცას გრძნობ და დღეს პროსტა გიტყდება... :))) ეგ ამბავი დელეკატურად რომ მოვაგვარე, მერე ბევრი ვიცინეთ.... :)))
   ჩემი ბიჭები არიან ის, ვისი წყალობითაც შევქმენი ჭეშმარიტი მამაკაცის ილუზია. ძალიან დიდხანს მეგონა რომ ყველა მასეთი წესიერია. არამწეველი, ჯანმრთელი, სპორტცმენი და რაც ყველაზე მთავარია, თავაზიანი. მე არ მინახავს და არც მომისმენია მათგან ისტორია, რომ გოგოს  გული ატკინეს. ჩემს სამეგობროში გოგოებიც არიან და ისინიც ერთმანეთზე უარესი წესიარები. ამ მარგალიტებში ყველაზე გამოუსწორებელი ვარ. მახსოვს პირველი რეაქცია, დიდი მალვის მერე მათთან მოწეულ პირველ ღერ სიგარეტზე :))) მიყვარს მათი მზრუნველი თვალები.
   შარშან, დიდი ხნის პაუზის მერე ბედობას ვნახე ბავშვები. პაუზა პირად ცხოვრებაში წარუმატებელი ხანის მერე იყო...
როგორი თვალებით ისმებდნენ ჩემს მონაყოლს, წარუმატებელ მცდელობაზე, გავზრდილიყავი და დავსეიოზულებულიყავი.
ბოლოს რაღათქმა უნდა ყველამ ერთად და დამაჯერებლად მითხრა, ”ის შენი ღირსი არასდროს ყოფილა”. მეც დავიჯერე, დავიჯერე და მომეშვა.:)) 
   ჩემს ბიჭებთან ვერასდროს, ვერაფრის გასაღებს დაკარგავ :))) თუ სადმე დაგივარდა შენდასასიკეთოდ გამოიყენებენ... შენი მანქანის გასაგებით, შენივე მანქანით, შენს სახლში მიგიყვანენ, შენი სახლის გასაღებით კარს გააღებენ და საძინებლამდე მიგიყვანენ, აი ყველაზე მნიშვნლოვან გასაღებს, სასთუმალთან დაგიტოვებენ რომ დილით გაღვიძებულმა ბევრი არ ეძებო. დაგაბინევებენ ასე საყვარლად და მერე წავლენ. სხვა ბიჭებს კი არ გვანან... ამ გასაღებებს, უკუღმა რომ მიყვაბიან და თავის სასიკეთოდ გამოიყენებენ, ბოლოს კი შენი მანქანით ისე გაიქცევიან კვალსაც კი ვერ იპოვი...  
( აუ რომ გაიგონ რა შეფასებები გავუკეთე, ჭკუაზე აღარ დარჩებიან :)))) )
    მე მიყვარს ჩემს მეგობრებში, გამორჩეულად გამოუსწორებელი რომ ვარ, მე მიცავს მათი გვერდით ყოფნა და უფრო თავისუფლად ვტკბები თავისუფლებით...

Friday, January 6, 2012

მინდვრის ღრუბლები

რაღაც უცნაური რამ ხდება ჩემს თავს.
მოვლენები მერევა ერთმანეთში. სხვანაირად ვფიქრობ, სხვა სახელს ვარქმევ ამათუიმ, გრძნობას, ფაქტს, მოვლენას, ყველაფერს.
იმას კი არ ვამბობ, რომ განსაკუთრებული და დიდად განსხვავებულად მოაზროვნე ვარ. არა, უბრალოდ სხვისთვის შავს მე თეთრად ვხედავ, ან პირიქით.
ვერავინ ვერაფით დამიმტკიცებს, რომ ის შავი, რომელსაც ნათლად ვხედავ სინამდვილეში თეთრია! 
ჯიუტი ვარ??? 
არა, სულაც არა. ზოგჯერ გასაგიჟებლად დამყოლი და დამთმობი ვარ. ოღონდ, ”ზოგჯერ” და ალბათ არც ყველასთვის.
  ამ ცოტა ხნის წინ, დიდი კამათი თუ დისკუსია მკონდა ჩემს მეგობრებთნ, ვკამათობდით ე.წ. ”სიყვარულზე”. 
მე არ ვამბობ რომ, არ არსებობს. უბრალოდ არ ვიცი როგორია. პეპლები მუცელში, გულის აჩქარება, სუნთქვის შეკვრა და რა ვიცი კიდევ უამრავი სიმპტომი, რომელსაც ბევრი ყვება. ვიცი, მქონია, მიგრძვნია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ის არ არის.
არ მგონია რომ ეს საკმარისია. 
მე გაცილებით მეტი მჭირდება! 
ჩემთვის ის ყველაფერი რასაც სხვა სიყვარულს ეძახის, ”კომფორტია”. ”ფუფუნება” და ”სიმშვიდეა”
აბა რა უნდა იყოს, თუ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს, ცამდე განსხვავებული ხასიათით, მიზნებით, ინტერესებით და რაც მთავარია სქესით, შეუძლიათ უსიტყვიდ ან თუნდაც 2 სიტყვაში გაუგონ ერთმანეთს. 
ერთმანეთს, როგორც ერთი სხეული ისე ეჩვევიან და საკუთარი თავივით ეძვირფასებათ?! ხო, ვიცი იდეალური არ არსებული, სულიერის და ხორციელის ნაზავი. მსმენია ოქროს შუალედზეც, მაგრამ რა არის ის, ჩემი მეგობრის სრულიად განსხვავებული გრძნობა. 
რატომ ეძახის სიყვარულს, თუ ერთმანეთის საერთოდ არ ესმით. 
თუ ორივე იმდენად განსხვავდება, იმ იდეალური მორე ნახევარის პროტოტიპისგან, რაც საკუთარ თავში დახატეს და თუ არა ეს ერთადერთი შემთხვევა არც კი შეხედავდენენ ერთმანეთს. მათ ოჯახი აქვთ, შვილი ყავთ და საკმაოდ-ზე ხშირად კამათობენ. მაგრამ ამტკიცებს, მე მიმტკიცებს რომ თავისი ცოლი დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარს და არ არსებობს მაგაზე დიდი ფუფუნება და სიმშვიდე, როცა იცის რომ როცა თვითონ არ არის სახლში სწორედ ის აძინებ, მის ერთადერთ შვილს. მჯერა. აი მართლა მჯერა, ოღონდ ვერ ვხდები ”რატომ?”. ვერ ვხდები რატომ არის მისთვის დისკომფორტი და ჩემთვის კომფორტი, ”სიყვარული”.
დღეს ბევრი ვისაუბრე და მივხვდი, რომ ადვილად და ზედმეტად ვეჩვევი და ვეკიდები ადამიანებს. ვეჩვევი და დამოკიდებული ვხდები ადამიანებზე, როგორც წამალზე. თუ გამომეცალა და წამერთვა დაბნეული და უსუსური ვხდები, მარტო ვრჩები და მიჭირს გაგრძელება. უკვე რამდენჯერ, შევეჩვიე და დავკარგე, დავრჩი მარტო და ხელისცეცებით სიბნელეში ვცადე გზის გაკვლევა...
ცხოვრებაში, ერთადერთი რასაც უნდა შეეჩვიო საკუთარი სუნთქვაა... ის არასდროს მიგატოვებს და თუ მიგატოვა უკვე აღარ დაგჭირდება გზის გაკვლევა.

Wednesday, January 4, 2012

ეგოიზმი

მე იმაზე იშვიათად და ნაკლებად ვარ ეგოისტვი ვიდრე ვაღიარებ...

ეს აზრი წუხელ მომივიდა თავში, ჩემს ”მეგობარს” ძილი წინ რომ დავემშვიდობე, მან კი მთხოვა ცოტა ხანს ნუ დაიძინებ დამელოდეო. ზუსტად 2 წუთში, კი მომწერა, ვსო უკვე მეც დავწექი შეგიძლია დაიძინოო... გამეცინა. მესიამოვნა თუ მეწყინა არ მახსოვს, მეძინებოდა და ეს SMS სიზმრიდან გამოთრევასავით იყო. აი ისე, მომაკვდავის ხილვებში,  ბნელი გვირაბის ბოლოს, ძალიან შორს ნათელი შუქი რომ მოსჩანს და ამ დროს ექიმების დიდი ძალისხმევით და ელექტროშოკით მოათრევენ სიცოცხლეში. სამწუხაროდ შეგრძნება რაც ვიგრძენი ამ გამოღვიძებით, ვერ დამამახსოვრდა.
ეგოისტია ჩემი ”მეგობარი”? ვკითხე კიდეც და პასუხად მივიღე: არა ეგოისტი არ ვარ მართლა, მაგრამ ხანდახან იშვიათად ვიქცევი. ეგოისტების ადვილად მესმის და არ ვბრაზდები.
ამის მერე დავფიქრდი, მე როგორ ვიქცევი და ვექცევი ეგოიზმს? ვემეგობრები! ვინ თქვა არ ვიცი, მაგრამ მშვიდი ცხოვრების წყურვილი, სულიერი ეგოიზმია... რთულია არ დაეთანხმო.
არ მახსოვს მე გამიკეთებია თუ არა მზგავსი რამ, მაგრამ ნამდვილად მახსოვს რომ მიფიქრია. თუნდაც ის რომ, როცა სამსახურიდან ჩემზე ადრე უნდა წავიდეს ვეხვეწები სულ ცოტაც დარჩეს და მერე წავიდეს. ერთად არც გვძინავს და არც ვმუშაობთ. უბრალოდ შეგრძნება, რომ გელოდება და უშენოდ არ მიდის ან არ იძინებს, ეგოისტურად სასიამოვნოა.
ხშირად ხდება, რომ საკუთარ ჩვევებს ეგოიზმში ვფუთავ და თავის გასამართლებლად  ვამბობ, რა ვქნა ეგოისტი ვარ და ვერაფერს ვუხერხებ ამ ჩვევას. ეს ისეა, სიგარეტს რომ ვერ ანებებ თავს და ყველა მოწევაზე ხაზგასმით ამბობ, ნებისყოფა არ მყოფინს, არ მოვწიო. 
ეხლა ვხვდები რომ ეგოიზმი კრიტიკაში და თვითირონიაში საგულდაგულოდ გავახვიე და ახალ დემაგოგიას ვაწყობ.
მე მიყვარს თვითკრიტიკა, განსაკუთრებით მაშინ როცა არ მეთანხმებიან, მაგრამ ჩემდასამწუხაროდ ხშირად დამაჯერებელი ”რეჩი” მაქვს.
ზოგჯერ , მხოლოდ იმიტომ რომ თავზე ხელი გადაგისვან და გითხრან რომ შენ ყველაზე საუკეთესო ხარ, შეიძლება ათასი საშინელება თქვა საკუთარ თავზე და ამ დროს იმის ნაცვლად რომ საწინააღმდეგო გითხრან და თან დაგიმტკიცონ, თავს გიქნევენ თანხმობის ნიშნად :)))))
PS ჩვენ, ეგოისტებს გვიყვარს საკუთარი თავი ;)))